Search This Blog
24 January, 2012
ადამიანობა
… “ამგვარად, მითხარი, საიდან უნდა მივხვდე, რომ მორწმუნე ხარ, როდესაც ჩემს მიერ ჩამოთვლილი – ყველაფერი საწინააღდეგოში მარწმუნებს?
და რად ვამბობ მორწმუნე მეთქი? საერთოდ ადამიანი თუ ხარ, დანამდვილებით ამასაც კი ვერ ვხვდები. როდესაც ვირივით იტლინკები, ხარივით ხტუნავ, ქალებთან ცხენივით ხვიხვინებ, დათვივით სადილობ, ჯორცხენასავით იზულუქებ სხეულს, აქლემივით ავმეხსიერი ხარ, მგელივით მტაცებელი, გველივით მრისხანე, მორიელივით გესლიანი, მელასავით ცბიერი, ასპიტისა და იქედნესავით ბოროტების შხამს იგროვებ, ძმებზე მზაკვარი დემონივით ხარ აღმდგარი; – აბა როგორ შემიძლია, ადამიანად შეგრაცხო, როდესაც შენში ადამიანური ბუნების ნიშნებს ვერ ვხედავ? მართალთა და ურწმუნოთა შორის განსხვავების ძებნისას, საშიშროების წინაშე ვდგები, რომ ადამიანსა და მხეცს შორისაც კი ვერ ვიპოვი სხვაობას. და რა ვქნა, ან მხეცი როგორ გიწოდო? თითოეულ მხეცს ხომ ამ მანკიერებათაგან მხოლოდ ერთი რომელიმე აქვს, შენ კი საკუთარ თავში ყოველგვარ მანკიერებას მოიცავ და შენი უგუნურებით მათ მეტისმეტად აჭარბებ. ეშმაკი გიწოდო? მაგრამ ეშმაკი მუცელს არ ემონება და ფული არ უყვარს. და თუკი მანკიერებებით მხეცებსა და ეშმაკებსაც კი აღემატები, მითხარი, ადამიანად როგორ მოგიხსენიო? და თუკი შენი ადამიანად მოხსენიებაც კი არ შეიძლება, მაშ როგორღა გიწოდო მორწმუნე? და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამდენად ცუდ მდგომარეობაში მყოფნი, საკუთარი სული უსახურობაზე არც კი ვფიქრობთ, არ გვახსოვს მისი სისაძაგლე. როდესაც დალაქთან ზიხარ და თმას იჭრი, სარკეს იღებ ხელში და მთელი ყურადღებით აკვირდები თმის ვარცხნილობას, ეკითხები ახლოსმდგომთ და თავად დალაქს, კარგად გადგას თუ არა თმა შუბლზე. უკვე მოხუცსაც კი არ გრცხვენია უზომოდ მიეცე ყმაწვილურ ოცნებებს. ხოლო ის, რომ ჩვენი სული არა მხოლოდ უსახურია, არამედ მხეცური და სცილად თუ ქიმერად იქცა, – ბერძნულ იგავებში რომ არიან ნახსენებნი, – ოდნავადაც ვერ ვგრძნობთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ არის სულიერი სარკე, რომელიც ნივთიერ სარკეზე გაცილებით უკეთესი და სასარგებლოა. იმიტომ, რომ უსახურობას არა მარტო გვიჩვენებს იგი, არამედ, თუკი ვისურვებთ, მას უთანასწორო სილამაზედაც კი გარდასახავს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
This comment has been removed by a blog administrator.
ReplyDelete